ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის სერვისების განვითარება საქართველოში

2018 წლის 17 აგვისტოს, საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოში, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის  გაფორმდა ორმხრივი ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლის მიზანი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას პედიატრიის აკადემიური კლინიკის ტერიტორიაზე მაღალი სტანდარტების ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის ცენტრის  ამოქმედებაა.  შენობის მშენებლობას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დააფინანსებს, ხოლო ჩეხეთის მხარე, პროექტის ფარგლებში განახორციელებს ცენტრის მაღალი სტანდარტების სამედიცინო აპარატურითა და ინვენტარით აღჭურვას.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულებამ ტომაშ პერნიცკიმ და  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერმა, პროფესორმა ზურაბ ორჯონიკიძემ.

პალიატიური მზრუნველობა გულისხმობს აქტიურ, მრავალპროფილურ მზრუნველობას იმ პაციენტებზე, რომელთა მკურნალობა რთული და ხშირ შემთხვევაში უშედეგოა.   მისი უპირველესი ამოცანა ტკივილისა და სხვა პათოლოგიური სიმპტომების მოხსნა და ავადმყოფთა სოციალური, ფსიქოლოგიური და სულიერი მხარდაჭერაა. თსსუ-ის კანცლერის განცხადებით ,,ბავშვთა პალიატიური მოვლის პროგრამა საქართველოს სახელმწიფოს პრიორიტეტს წარმოადგენს, რადგან  ამ მიმართულებით კლინიკებში არსებული საწოლების რაოდენობა არ არის საკმარისი“.

პროექტი, სამხრივი მემორანდუმის -  „ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის სერვისების განვითარება საქართველოში“   ფარგლებში  მიმდინარეობს, რომელიც 2017 წლის 11 ნოემბერს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა. 

,,ჩეხეთის განვითარების სააგენტოს პროექტებში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი ჯანდაცვას უჭირავს, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ონკოლოგიური და პალიატიური სერვისების განვითარების მიმართულებით და ვგეგმავთ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.“ აღნიშნა ბატონმა ტომაშ პერნიცკიმ.