თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის(AMEE) კონფერენციაზე (ბაზელი 2018)

2018 წლის 26-31 აგვისტოს  ქ.ბაზელში (შვეიცარია) ჩატარდა ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE) კონფერენცია, რომლის მუშაობაში  მონაწილეობა  მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციამ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ (26-29 აგვისტო), ვიცე-რექტორმა, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა, სამედიცინო განათლების, კვლევის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა გაიანე სიმონიამ  და სამედიცინო განათლების, კვლევის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, სალომე ვორონოვამ.

კონფერენციას ესწრებოდა 3800-ზე მეტი დელეგატი მსოფლიოს 102 ქვეყნიდან.  ჩატარდა 11 პლენარული სხდომა,  130 ვორქშოპი და სიმპოზიუმი, გაიმართა მასტერკლასები.

კონფერენციაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა წარმოადგინა მოხსენება "კომპეტენციებზე დაფუძნებული ეროვნული დარგობრივი სტანდარტების შემუშავება საქართველოს უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების კურსდამთავრებულთათვის (Development of national competence-based framework for primary medical graduates in Georgia)".

კონფერენციის პერიოდში დელეგაციის წევრებს ჰქონდათ მეტად საინტერესო შეხვედრები თსსუ-ის  საერთაშორისო პარტნიორებთან - AMEE-ს პრეზიდენტთან პროფესორ ტრუდი რობერტსთან, სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) პრეზიდენტთან დევიდ გორდონთან,  ლიდსის უნივერსიტეტის პროფესორთან  და თსსუ-ის მოწვეულ პროფესორთან რიჩარდ ფულერთან, უტრეხტის აკადემიური მედიცინის საუნივერსიტეტო ცენტრის და კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორ ოლე ტენ კატესთან.

დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს სიმპოზიუმებში, რომლებიც ეძღვნებოდა  სამედიცინო სკოლების აკრედიტაციას, კერძოდ: “რა არის აკრედიტაციის ღირებულება’’; “ სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) აღიარების პროგრამა  აკრედიტაციის სააგენტოებისთვის: მიზანი, პროცესები და კრიტერიუმები’’.

გარდა ამისა, დელეგაციის წევრები დაესწრნენ  ვორქშოფებს: “არჩევენ თუ არა სამედიცინო სკოლები 21-ე საუკუნის მედიცინისთვის სტუდენტებს შესაბამისი ღირებულებებით ?’’,  “კურიკულუმის ინტეგრაციის საფეხურები’’ და სხვა.