საჯარო დისკუსია - C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ

2 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ საჯარო დისკუსიას უმასპინძლა.  

დისკუსია დაავადებათა  კონტროლისა და საზოგადოებრივი  ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა,  ელიმინაციის პროგრამის მონაწილე პაციენტმა და პროგრამის მონაწილე წამყვანმა ინფექციონისტმა, ასევე, C ჰეპატიტის საკომუნიკაციო კამპანიის ორგანიზატორებმა  წარმართეს. დისკუსიას  თსსუ-ის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე განხილულ იქნა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მნიშვნელობა, სტრატეგია, ამოცანები და მიზნები. ასევე, წარმოდგენილ იქნა პროგრამის ირგვლივ არსებული მიღწევები და გამოწვევები. 

ელიმინაციის პროგრამის მონაწილე წამყვანმა ინფექციონისტმა და  ამავდროულად, ჯანმრთელობის კვლევის კავშირის დირექტორმა, ქალბატონმა მაია ბუწაშვილმა,  დეტალურად განიხილა  დაავადების გავრცელების კუთხით არსებული ვითარება საქართველოსა და მსოფლიოში.  აუდიტორიას გააცნო C ჰეპატიტის გადაცემის,  გამოვლენისა და  მკურნალობის გზები. 

დისკუსიის დამსწრე საზოგადოებას პირადი გამოცდილება  გაუზიარა  ელიმინაციის პროგრამის მონაწილე პაციენტმა და ამავდროულად, განკურნებულ პაციენტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თემურ რადიანმა.
„ჩვენს ისტორიას - "სიცოცხლისთვის ბრძოლის ისტორიას" ვუწოდებ.  მნიშვნელოვან დროს მომეცა საშუალება ჩავრთულიყავი პროგრამაში, რამაც თავის მხრივ, მომცა შესაძლებლობა დამემარცხებინა დაავადება და ვფიქრობ, ეს  შედეგი  მეორე დაბადების ტოლფასია“  - აღნიშნა მან.

დაავადებათა  კონტროლისა და საზოგადოებრივი  ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა, ქალბატონმა მაია წერეთელმა ისაუბრა - C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის  განხორციელების პროცესში  ცენტრის როლის შესახებ,   რასაც პროგრამის ადვოკატირება, ლაბორატორიული მიმართულებით სერვისების გაუმჯობესება, საკითხის ირგვლივ საზოგადოების ცნობიერების  ამაღლება წარმოადგენს. ქალბატონმა მაიამ  გააკეთა კომენტარი მიმდინარე პროექტში  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და სტუდენტების ჩართულობის მნიშვნელობაზეც და მადლობა გადაუხადა მათ, რომ აქტიურად უჭერენ მხარს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ამ მიმართულებით. 

საჯარო დისკუსიაში მონაწილე პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს მიეცათ საშუალება თემის ირგვლივ მათთვის საინტერესო საკითხებზე დაესვათ კითხვები და მიეღოთ კომპეტენტური პასუხები. დისკუსიის პარალელურად განხორციელდა C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი.

გაცნობებთ, რომ ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2015 წლიდან მიმდინარეობს. განკურნებადობის მაჩვენებელი უდრის 98%-ს!  დეტალური ინფორმაცია იხილეთ პროგრამის ოფიციალურ Facebook გვერდზე - C ჰეპატიტი • Hepatitis C

გადადით  დისკუსიის ლაივ ვიდეოზე