საერთაშორისო კონფერენცია სისტემური ბიოლოგია - XXI საუკუნის მედიცინისა და ჯანდაცვის ფუნდამენტური ბაზისი

2018 წლის 26 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, საჩხერეს რეგიონული ჰოსპიტალის,   თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ორგანიზებით, თსსუ-ში 2 დღიანი საერთაშორისო კონფერენციის -  „სისტემური ბიოლოგია - XXI საუკუნის მედიცინისა და ჯანდაცვის ფუნდამენტური ბაზისი“  პირველი ნაწილი გაიმართა.

კონფერენცია გახსნა და აუდიტორიას მიესალმა თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია:

„პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს, ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისთვის. დღეს ტრანსლაციური მედიცინის განვითარება, მკურნალობისა და დიაგნოსტიკის ახალი მეთოდების დანერგვა, ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს. საერთაშორისო კონფერენცია, მასში მონაწილე დარგის  სპეციალისტებს, მისცემს საშუალებას ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და განავითარონ ახალი ურთიერთობები. მინდა მადლობა გადავუხადო მათ ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისთვის.“ ¬

აუდიტორიას, ასევე, მიესალმნენ : საქართველოს პარლამენტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე, განდაცბის ინსტიტუციური განვითარების ექსპერტი ნიკოლოზ გელაშვილი, ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორი დავით ნადარეიშვილი, თსსუ-ის ფიზიკის, ბიოფიზიკის, ბიომექანიკის და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ სანიკიძე. 

„საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციები, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოში ჯანდაცვის განვითარებას, ვინაიდან ასეთ ღონისძიებებზე ხდება ჯანმრთელობის მიმართულებით პრობლემური საკითხების განხილვა, გამოცდილების გაზიარება ერთმანეთისთვის და ახალი შესაძლებლობების მოძიება  მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის, ეს კი ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებაა.“  აღნიშნავს, ბატონი დიმიტრი ხუნდაძე, ჩვენთან საუბრისას.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს დარგში  მოღვაწე საერთაშორისო ექსპერტებმა ისრაელიდან და პოლონეთიდან, ასევე ჩვენი ქვეყნის წამყვანმა სპეციალისტებმა. მათ განიხილეს რადიაციული, ქიმიური და გარემოს სხვა რისკ-ფაქტორებისადმი ადამიანის მგრძნობელობის  მნიშვნელობა ავთვისებიან სიმსივნეთა სხვა ქრონიკულ დაავადებათა განვითარებაში. ამ ფენომენის როლი ჯანმრთელობის რისკის შეფასების თანამედროვე მეთოდოლოგიაში. სპეციალისტების მიერ წარმოდგენილ იქნა ექსპერიმენტული, კლინიკური და პოპულაციაზე ბაზირებულ გამოკვლევათა შედეგები უჯრედული რადიომგრძნობელობის მოლეკულური მექანიზმების,  ფიზიოლოგიურ სისტემათა ადაპტაციურ-კომპენსატორული რესურსისა და ჰორმეზისის ფენომენის როლზე ადამიანის, როგორც მთლიანის, სისტემა წარმომქმნელი თვისების - გარეშე ზემოქმედებებისადმი მგრძნობელობის ფორმირებაში. ასევე,  ჯანმრთელობის გენეტიკური რისკისა და კლინიკური გენეტიკის რიგი აქტუალური საკითხები.

27 ოქტომბერს კონფერენციის მეორე ნაწილი  საჩხერეში, სასტუმრო - „საჩხერეს გარდენსში“ გაიმართა.

ინტერპრესნიუსი ღონისძიების შესახებ