საჯარო ლექცია - თავის ტვინი, ნეიროანატომია და ნეიროფიზიოლოგია

2018 წლის 5 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა ნეიროქირურგ ედიშერ მაღალაშვილის საჯარო ლექცია - ,,თავის ტვინი, ნეიროანატომია და ნეიროფიზიოლოგია “.   ლექცია ეძღვნებოდა ისეთი საკითხების მიმოხილვას, როგორიცაა: ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ზოგადი ანატომია და ჰისტოლოგიური და ფიზიოლოგიური საწყისები.

შეხვედრა გახსნა და სტუმრებს პროექტის შესახებ ესაუბრა GMSA-ში თსსუ-ის ლოკალურმა ხელმძღვანელმა და სამედიცინო განათლების კომიტეტის ნაციონალურმა ოფიცერმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის IX სემესტრის სტუდენტმა გიორგი ჩილინგარაშვილმა, რომელმაც IFMSA-ს მნიშვნლეობაზე და სამომავლო აქტივობებზე ისაუბრა. დამსწრე აუდიტორიას ასევე სიტყვით მიმართა თსსუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა.

ღონისძიება ინტერაქტიული ხასიათის იყო და სტუდენტთა  მაღალი ჩართულობით  გამოირჩეოდა.

აღნიშნული შეხვედრა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის და საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის (GMSA) კოლაბორაციული პროექტის-ლექციათა კურსი, რიგით პირველი ღონისძიებაა. პროექტი განკუთვნილია თსსუ-ის და სხვა უმაღლესი სასწავლებლის სამედიცინო მიმართულების სტუდენტებისთვის, რომელთაც საშუალება ეძლევათ შეხვდნენ მათთვის საინტერესო პროფილის წარმატებულ კლინიცისტებს, გაიღრმავონ ცოდნა მედიცინაში და სწორი გადაწყვეტილება მიიღონ კარიერის დაგეგმვისას. 

აღსანიშნავია, რომ ლექციების თემატიკისა და  სასურველი მომხსენებლების  შერჩევა   სტუდენტების გამოკითხვის შედეგად მოხდა.    პროექტის ფარგლებში  კიდევ მრავალი ღონისძიებაა დაგეგმილი. მომდევნო ლექციებს  წაიკითხავენ: გუგა ქაშიბაძე - პლასტიკური ქირურგია - (კანი, დამწვრობის სახეები, პირველადი დახმარება, რეკონსტრუქციული პლასტიკური ქირურგია(ქეისები); ზვიად ბახუტაშვილი - კარდიოქირურგია; ალექსანდრე ლორთქიფანიძე - ონკოლოგია და სხვა.