თსსუ-ის რექტორის შეხვედრები სტუდენტებთან გრძელდება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას  ტრადიციული შეხვედრები  სტუდენტებთან გრძელდება. 26 ნოემბერს შეხვედრა  უნივერსიტეტის I-IV  სემესტრების სტუდენტებთან გაიმართა.   შეხვედრის  მიზანს კვლავ,  სტუდენტებთან ერთად აკადემიური პროცესის მიმდინარეობისა და ადმინისტრირების საკითხების, ინფრასტრუქტურული მოწყობისა და  სხვადასხვა სტუდენტური სერვისის განხილვა წარმოადგენდა.

პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია სტუდენტებს სასწავლო პროცესზე, ფინანსურ საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.  მათ გააცნო ინფორმაცია უნივერსიტეტის მიერ ავტორიზაციის მოპოვების და სამომავლოდ, პროგრამების აკრედიტაციის პროცესის შესახებ. ესაუბრა თსსუ-ის საერთაშორისო იმიჯისა და ურთიერთობების  შესახებ, საერთაშორისო სტუდენტების შესახებ. 

„სიამაყით უნდა აღინიშნოს, რომ უნივერსიტეტმა უმაღლესი შეფასებით გაიარა ავტორიზაცია და ამ ეტაპზე პროგრამების აკრედიტაციისთვის ვემზადებით. სამედიცინო განათლების მიმართულებით, ჩვენი უნივერსიტეტი საქართველოსა და რეგიონში საუკეთესოა. თუმცა, ჩვენი მისია ამ პოზიციის შენარჩუნება და  უფრო მეტისკენ სწრაფვაა.  ამისათვის კი, პროცესებში თქვენი აქტიური ჩართვაა საჭირო, მაგალითად მსგავს შეხვედრებზე სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით თქვენი აზრისა და წინადადებების წარმოჩენით. დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ არცერთი საკითხი არ დარჩება ყურადღების და რეაგირების გარეშე.“ აღნიშნა პროფესორმა, ზურაბ ვადაჭკორიამ.

შეხვედრაზე, სტუდენტებს განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები  გააცნო თსსუ-ის კანცლერის მოადგილემ, ბატონმა ალექსანდრე ბუაჩიძემ. 

საერთაშორისო ურთიერთობების, გაცვლითი პროგრამების,  საზაფხულო სტაჟირებებისა და „ERASMUS +“-ის პროგრამის შესახებ, დეტალური ინფორმაცია წარადგინა საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა, ასისტენტ პროფესორმა თინათინ კილასონიამ. აუდიტორიას  „ERASMUS +“-ის პროგრამაში მონაწილეობის მიმართულებით საკუთარი გამოცდილება  გაუზიარეს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა, რომლებიც  მე-8 სემესტრში უნგრეთში, დებრეცენის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ.  

სტუდენტებისთვის პრეზენტაცია ბიბლიოთეკის დირექტორმა, ქალბატონმა თამარ ხახუტაშვილმაც წარადგინა. რომელიც სტუდენტებს ბიბლიოთეკაში არსებულ შესაძლებლობებზე, სერვისებზე, ციფრულ ბიბლიოთეკაზე ესაუბრა და გამოთქვა ღიაობა, სტუდენტების დაინტერესების შემთხვევაში, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ერთობლივი მუშაობისთვის.  

სტუდენტური ცხოვრების მიმართულებით , შეხვედრაზე დაანონსდა ორი მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომლებიც ამა წლის დეკემბრის თვეში გაიმართება:
„ნიჭიერი ექიმები 2018“ და თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი - ,,ნიღაბი”-2018.

შეხვედრის ბოლოს სტუდენტებმა დააფიქსირეს  აზრი  სასწავლო, თუ ინფრასტრუქტურულ საკითხებთან დაკავშირებით და გამოთქვეს მზად ყოფნა ერთობლივი მუშაობისთვის.