პროფესორ პატრიცია ბლერის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო

2018 წლის 27 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის, „ACTS Georgia“-ს დამაარსებლის, ექიმისა და პროფესორის, ქალბატონ პატრიცია ბლერის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. 

პროფესორ ბლერის ხსოვნის პატივსაცემად, თსსუ-ის ხელმძღვანელები, ადმინისტრაციის წევრები, პროფესპრ-მასწავლებლები, "ACTS Georgia"-ს წარმომადგენლები და პროფესორის მეგობრები შეიკრიბნენ. მათ, საღამოს დაწყებამდე წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი პროფესორის ხსოვნას.

აუდიტორიას მიესალმნენ და პროფესორ პატრიცია ბლერის მიერ საქართველოსთვის გაწეული ღვაწლისა და დამსახურების  შესახებ ისაუბრეს თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, „ACT GEORGIA“- ს პრეზიდენტმა,  ბატონმა გიორგი წილოსანმა და ვიცე-პრეზიდენტმა  ბატონმა გურამ ამირიძემ.  სიტყვით გამოვიდნენ, ასევე, თსსუ-ის პროფესორები, „ACT GEORGIA“-ს წარმომადგენლები, პროფესორ ბლერის მეგობრები.   

 „ექიმი პატრიცია ბლერი იყო ერთ-ერთი პირველი ამერიკელი, რომელიც დამოუკიდებლობის პირობებში 1991 წელს ჩამოვიდა საქართველოში. ის იყო დიდი ქველმოქმედი და  ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი, რომელსაც არცერთ საომარ მოქმედებებში არ დაუტოვებია საქართველო. სპექტრი მისი ქველმოქმედებისა ფართო იყო: მედიკამენტები, სამედიცინო მასალები, სამედიცინო აპარატურა... ის ზრუნავდა პაციენტებზე, ექიმებზე, ჯანდაცვაზე.  მან  გადამზადების პროგრამებით  ბევრი ექიმი წაიყვანა სტაჟირებაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ბედნიერი ვარ, რომ ერთ-ერთი მათგანი მეც ვიყავი.  ჩვენი უნივერსიტეტის უკვე მეორე დიდი ამერიკელი მეგობარი ტოვებს წუთისოფელს, პირველი კენ ვოლკერი იყო, ამაწლის თებერვალში და ეს ძალიან სამწუხაროა.“ აღნიშნა პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, ჩვენთან საუბრისას.

სწორედ, პროფესორ ბლერის ინიციატივით,  „ACT GEORGIA“-სა  და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომლობით , 1995 წლიდან დღემდე, ხორციელდება საგანმანათლებლო–სამკურნალო ბანაკის პროექტი დიაბეტით დაავადებული ბავშვებისათვის. როგორც, ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, ბანაკი მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ ფუნქციობას და კიდევ უფრო მეტ პაციენტს დაეხმარება დაავადების მართვასა და მასთან გამკლავებაში.