სტუდენტებს, რომლებმაც დაკარგული 37 000 დოლარი მფლობელს გადასცეს, თსსუ-ის ადმინისტრაციამ მადლობის ნიშნად შეხვედრა მოუწყო

2018 წლის 26 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ  და თსსუ-ის კანცლერმა, პროფესორმა ზურაბ ორჯონიკიძემ უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის მესამე სემესტრის სტუდენტებს ნინო ზაბახიძესა და კარინე ბაგირიანს მადლობის ნიშნად შეხვედრა მოუწყვეს და ფულადი ჯილდოთი წაახალისეს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ქუჩაში 37 000 დოლარი იპოვნეს. სტუდენტებმა საპატრულო პოლიციის მეშვეობით შეძლეს მოეძებნათ დაკარგული ფულის მფლობელი რის შემდეგაც მას თანხა დაუბრუნეს. 

,,ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ ეს ჩვეულებრივი საქციელია და ანალოგიურად მოიქცეოდა ნებისმიერი მოქალაქე, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს გამორჩეული, საამაყო და მისაბაძი საქციელია. ყველა ამას ასე არ გააკეთებდა. ამიტომ, მათი საქციელი ფულადი ჯილდოთი წავახალისეთ და სამედიცინო უნივერსიტეტის სახელით მათ თანხა გადავეცით“, – განაცხადა პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ.

თავის მხრივ უნივერსიტეტის სტუდენტებმა რექტორსა და კანცლერს მათი ფულადი ჯილდოთი წახალისებისთვის მადლობა გადაუხადეს.