პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ მადლობის წერილი გაუგზავნა იმ სტუდენტების მშობლებს და სკოლას, რომლებმაც დაკარგული 37 000 დოლარი მფლობელს გადასცეს

სტუდენტებს, რომლებმაც დაკარგული 37 000 დოლარი მფლობელს გადასცეს, თსსუ-ის ადმინისტრაციამ მადლობის ნიშნად შეხვედრა მოუწყო და ფულადი ჯილდოთი წაახალისა. აგრეთვე, თბილისის  სახელმწიფო  სამედიცინო  უნივერსიტეტის  რექტორმა, პროფესორმა  ზურაბ ვადაჭკორიამ  მადლობის წერილი გაუგზავნა ნინო ზაბახიძის და კარინე ბაგირიანის მშობლებს – ნაირა და მალხაზ ზაბახიძეებს, ნაირია ადუმიანს და ჰოვპანეს ბაგირიანს, ასევე,  საჩხერის  რაიონის  სოფელ  სხვიტორის  საჯარო  სკოლისა და  და ქალაქ  ნინოწმინდის   პირველ  საჯარო  სკოლის დირექტორებს;  ეს სკოლები დაამთავრეს ნინომ და კარინემ.  წერილში, სახელდობრ,  ნათქვამია, რომ სტუდენტები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კედლებში ეუფლებიან პროფესიას, რომლის არსი  ადამიანის სიყვარული და მის კეთილდღეობაზე ზრუნვაა. ამიტომაც, სამედიცინო უნივერსიტეტში  აკადემიურ თვისებებთან ერთად,  კეთილსინდისიერებას, ავ-კარგიანობას, პატიოსნებას, გამბედაობას, სამართლიანობას  განსაკუთრებული ფასი აქვს. 

თბილისის  სახელმწიფო  სამედიცინო  უნივერსიტეტი  მოხარულია თანაზიარი  იყოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტების,  ნინო ზაბახიძის და კარინე ბაგირიანის   მიერ დამოუკიდებლად,  არც თუ ტიპობრივ გარემოებებში   მიღებული გადაწყვეტილებისა -   მოიქცნენ  პატიოსნად და, ამასთან,  დაეხმარონ ადამიანს  მაშინ, როცა ეს მას ძალიან სჭირდება  და  იმ ფორმით,  როგორც  მას  სჭირდება.  დიახ!  პატიოსანი საქციელია ადამიანს დაუბრუნო   მის მიერ დაკარგული  რაიმე (და ეს „რაიმე“ 37 000 აშშ დოლარია!!!) და, რაც მთავარია,  როცა პატრონმა ამ  დანაკარგის  შესახებ  არაფერი  იცის!

უნივერსიტეტის რექტორი, კანცლერი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის  დეკანი, ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები  შეხვდნენ ნინოს და  კარინეს, სიტყვით და საქმით აღნიშნეს მათი კეთილი და სწორი საქციელი - თბილისში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალის მიმდებარედ, ქუჩაში  ნაპოვნი  მნიშვნელოვანი თანხის (37 000 აშშ დოლარი) დაბრუნების შესახებ ჯერ საკუთრივ ბანკში, შემდეგ კი - ბანკის და  შესაბამისი სამსახურების ჩართულობით - თანხის მფლობელისათვის. ეს საკითხი, უნივერსიტეტის ინიციატივით,  საინფორმაციო საშუალებებშიც გაშუქდა.

როდესაც ამ საქციელთან დაკავშირებით გოგონების მისამართით გამორჩეული საქებარი სიტყვები ისმის, ისინი გულწრფელი თავმდაბლობით და ცოტა გაკვირებულნი ამბობენ - აბა, სხვაგვარად  როგორ უნდა მოვქცეულიყავითო. ამ დროს ისინი ნამდვილად გულწრფელნი არიან.  ასე რომ  არ  იყოს, მათ არავინ და არაფერი აიძულებდა,  საკუთარი ინიციატივით და  აქტიურად  ეზრუნათ  ქუჩაში ნაპოვნი თანხის მფლობელის მოძიებასა და თანხის უკან დაბრუნებაზე.  და ეს მათ შეასრულეს!

მავანმა შეიძლება  ბევრი მიზეზი  დაასახელოს ამ  საქციელის  ახსნისათვის. რასაკვირველია,  ყველას  აზრი საინტერესოა, მაგრამ აქ   უპირობოდ მთავარია  კარინე  ბაგირიანის  და  ნინო ზაბახიძის კეთილსინდისიერება, პატიოსნება, ჰუმანიზმი, მაღალი მოქალაქეობრივი  თვითშეგნება და, ასე განსაჯეთ, შინაგანი თავისუფლება.  მხოლოდ ჭეშმარიტად  თავისუფალი  ადამიანი შეიძლება იყოს პირნათელი  ქმედებებსა და საქციელში. 

წერილში რექტორმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის, სტუდენტების, ადმინისტრაციის, რეზიდენტების და მკვლევარების სახელით,  დაადასტურა უდიდესი  პატივისცემა   სტუდენტების მშობლების მიმართ და  მოახსენა  მადლობა  შვილების, ნინო ზაბახიძის და  კარინე ბაგირიანის  კეთილშობილ   და  მართალ   ადამიანად  აღზრდისათვის; წერილში, ასევე, ხაზგასმულია სკოლის ღვაწლი  ნინოს და კარინეს   კეთილშობილ   და  მართალ   ადამიანად  აღზრდის  საქმეში.

 რექტორმა გამოთქვა იმედი, რომ ასეთი  ახალგაზრდები, დგანან რა მყარ და საიმედო ფესვებზე, შექმნიან ჩვენს წარმატებულ მომავალს  და დიდძალ სიკეთეს მოუტანენ  ჩვენს  საზოგადოებას.

იხილეთ, საინფორმაციო სააგენტოს ,,ინტერპრესნიუსი" სტატია