თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის კლერკშიფში ჩართული აკადემიური პერსონალი ემორის უნივერსიტეტს სტუმრობდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის შინაგანი მედიცინის კლერკშიფში ჩართული მოწვეული სპეციალისტები, ექიმები  ნინო ბუაძე, გია ბურჯანაძე და ივანე ხოჭოლავა უნივერსიტეტის მედიცინის სკოლას კლინიკური სტაჟირების მიზნით სტუმრობდნენ.

12 დეკემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით ისინი ჯორჯიის შტატში, ქალაქ ატლანტაში ამერიკელი კოლეგების დახმარებით ეცნობოდნენ კლინიკური სწავლების მიმდინარეობას. ქართველმა სპეციალისტებმა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის კლინიკური ბაზები მოინახულეს და დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის შინაგანი მედიცინის კლერკშიფის ეფექტურობის გაზრდისთვის პაციენტის საწოლთან სტუდენტების სწავლების პროცესს დააკვირდნენ, ამერიკელი კოლეგებისგან მოისმინეს, რა სტანდარტებითა და მეთოდოლოგიით ხორციელდება კლინიკური სწავლება.  

ვიზიტის პერიოდში ქართველი ექიმები ნინო ბუაძე, გია ბურჯანაძე და ივანე ხოჭოლავა შეხვდნენ ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორებს და წარმომადგენლებს, მათ შორის, ასისტენტ-დეკანს სამედიცინო განათლების დარგში გორდონ ჩარჩვორდს, კლინიკური განათლების ასოცირებულ დეკანს ჯოელ ფელნერს, შინაგანი მედიცინის კურსის ასოცირებულ დირექტორს მერედიტ ლორას, ასისტენტ-პროფესორს და ინფექციურ დაავადებათა სპეციალისტს ვარუნ კიშორფადკის, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის დოქტორს და შინაგანი მედიცინის კლერკშიფის  ხელმძღვანელს მაიკლ ლუბინს. ამერიკელმა პროფესორებმა ქართველ კოლეგებს გაუზიარეს შინაგანი მედიცინის კლერკშიფის სასწავლო კურსის ძირითადი შინაარსობრივი მხარეები და შეფასების კრიტერიუმები. 

2018 წელს ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში კლინიკური კლერკშიფის განვითარების მიზნით თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის 7 წარმომადგენელი იმყოფებოდა. აღნიშნული მიზნით პროგრამაში ჩართული სხვა სპეციალისტების აშშ-ში გაგზავნა 2019 წლის განმავლობაშიც იგეგმება.