9 აპრილის მოვლენებიდან 30 წელი გავიდა

9 აპრილის მოვლენებიდან 30 წელი გავიდა. საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა დაარბიეს, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს თარიღი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა რამდენიმე ღონისძიებით აღნიშნა. 

სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, სტუდენტები ეწვივნენ მედიცინის ისტორიის მუზეუმს, სადაც 9 აპრილისადმი მიძღვნილი შეხვედრა მოეწყო. ღონისძიებას უძღვებოდა თსსუ-ის მედიცინის ისტორიის და ბიოეთიკის დეპარტამენტის პროფესორი, აკადემიკოსი რამაზ შენგელია. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: 1989 წლის ტრაგედიის  დროს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი - ირაკლი მენაღარიშვილი, ამავე პერიოდში თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის ჯანდაცვის სამმართველოს უფროსის მოადგილე ავთანდილ ჯორბენაძე,  „საფრანგეთში მყოფ ქართველ ლტოლვილთა სათვისტომოს" თავმჯდომარე, რომელმაც დიდი ღვაწლი დასდო საქართველოში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ ევროპელთა სათანადოდ ინფორმირებას - ოთარ ზურაბიშვილი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მაშინდელი პოლიტიკური მდივანი მამუკა გიორგაძე, თსსუ-ის ვიცე-რექტორები: პროფესორი რიმა ბერიაშვილი და ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე და სხვა საპატიო სტუმრები.

შეხვედრაზე გაიხსენეს 9 აპრილის მოვლენები. ბატონმა ირაკლი მენაღარიშვილმა ისაუბრა მომხდარ ტრაგედიაზე და აღნიშნა, რომ ექიმები პირნათლად ასრულებდნენ თავის მოვალეობას, იდგნენ იქ, სადაც უნდა მდგარიყვნენ და ყველა ღონეს ხმარობდნენ ათასობით მოწამლულისა და დაზარალებულის გადასარჩენად. ასევე, აუდიტორიას მიმართეს ბატონმა ოთარ ზურაბიშვილმა და ბატონმა მამუკა გიორგაძემ.

სტუმრებმა დაათვალიერეს მედიცინის ისტორიის მუზეუმი, სადაც ერთი პროფესიის ფარგლებში წარმოდგენილია საქართველოს ისტორიის თითქმის სრული სპექტრი. მათ მაღალი შეფასება მისცეს წარმოდგენილ ექსპოზიციას. 

ამავე დღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები: ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მიხეილ დიაკონიძე, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ანა კაკაბაძე და სხვები ეწვივნენ 9 აპრილის მემორიალს და ყვავილებით შეამკეს ის. 

თსსუ-ის ვიცე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი კოხრეიძემ აღნიშნა, რომ ეს დღე საკრალურია ყველა ქართველისთვის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ქედს იხრის იმ გმირების წინაშე, რომლებმაც 30 წლის წინ საკუთარი სიცოცხლე მიიტანეს სამშობლოს სამსხვერპლოზე და შეეწირნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის უთანასწორო ბრძოლას.

9 აპრილის მემორიალთან არაერთი მადლიერებით სავსე სიტყვა ითქვა გმირების მისამართით. „ჩვენ არასდროს დავივიწყებთ მათ ღვაწლს და ვეცდებით ისეთივე თავდადებით ვიდგეთ ჩვენი ერის გვერდით, როგორც ამას 1989 წლის გმირები აკეთებდნენ“, - განაცხადა თსსუ-ის თვითმმართველობის პრეზიდენტმა ანა კაკაბაძემ.