თსსუ-ის დასკვნითი კონცერტი ატლანტის ისტორიულ საზოგადოებრივ კლუბ Capital City Club-ში გამართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ანსამბლმა დასკვნითი კონცერტი 28 მარტს აშშ-ში, ატლანტის შუაგულში ისტორიულ საზოგადოებრივ კლუბ Capital City Club-ში გამართა. საღამო ემორის უნივერსიტეტის პროფესორის, თბილისისა და საქართველოს საპატიო მოქალაქის, თსსუ-ის საპატიო დოქტორის, კენ ვოლკერის ხსოვნას მიეძღვნა. ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა და ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლამ უმასპინძლა.

მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ჯორჯიის შტატის წამყვანი მედიკოსები და პროფესორები. მასპინძლები შეკრებილ საზოგადოებას ქართული ღვინით, ყველითა და ნუგბარით გაუმასპინძლდნენ. სტუმრებმა, რომელთა უმრავლესობას პროფესორი ვოლკერის მეგობრები და კოლეგები წარმოადგენდნენ, არაერთი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს ტრადიციულ ქართულ სამოსში გამოწყობილ მომავალ კოლეგებთან.

Capital City Club - ი ატლანტაში 1883 წელს დაარსდა. კლუბი წევრებს შორის ზოგადი კულტურის პუპოლარიზაციის, იდეების, ინფორმაციის გაცვლისა და, ზოგადად, სასიამოვნო დროის გასატარებელ ადგილს წარმოადგენს.

კლუბის წევრთა შორის გამოირჩევიან: ჯონ გრანტი, კლუბის პრეზიდენტი 1910 წლიდან. მან ჯორჯიის ტექნიკურ უნივერსიტეტს საჩუქრად გადასცა მიწის ნაკვეთი, სადაც უნივერსიტეტმა სპორტული მოედანი ააშენა. შესაბამისად, მოედანს  გრანტის სახელი მიენიჭა; გამორჩეული წევრია ჰენრი გრეიდი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ატლანტაში, გრეიდის მემორიალური ჰოსპიტალის დაფუძნებაში. გრეიდის ჰოსპიტალი 1992 წლიდან დღემდე ასობით ქართველი ექიმის პროფესიული განათლებისა და დახელოვნების ადგილს წარმოადგენს; ჯოელ ჰურტი, რომელმაც დააარსა ატლანტის ელექტრორკინიგზის სისტემა, ინმანის და დრუიდ ჰილის რეკრეაციული პარკი და ატლანტის ერთ-ერთი ცნობილი „სანტრასტ“ (SunTrust) ბანკი; ასა გრიგს ქენდლერი, კომპანია „კოკაკოლას“ დამაარსებელი და ამავე კომპანიის პრეზიდენტი რობერტ ვუდრუფი; აღსანიშნავია რომ ორივე, ქენდლერების და ვუდრუფების ოჯახს მნიშვნელოვანი როლი მიუძღვით ემორის უნივერსიტეტის განვითარებაში; ლივინგსტონ მიმსი, ატლანტის მერი, რომელსაც მერად არჩევამდე კლუბის პრეზიდენტის პოსტი ეკავა და სხვა მრავალი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე და სპორტსმენი.

კლუბ დაუნთაუნის შენობის პროექტის ავტორი დონ ბარბერია. შენობაში შესამჩნევია პარიზის ხელოვნების უმაღლესი სკოლის გავლენა, რაც მას არქიტექტურული ელემენტებით და დიზაინის თავისებურებებით გამოარჩევს. ადგილი, სადაც თსსუ-ის ანსამბლის კონცერტი ჩატარდა კლუბის მთავარ, ყველაზე დიდ დარბაზს წარმოადგენს. დაარსების დღიდან კლუბი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიღებებისა და წვეულებების გასამართად გამოიყენება, მათ შორის  აღსანიშნავია აშშ პრეზიდენტ გროვერ კლივლენდის და ნიუ იორკის გუბერნატორის, შემდგომში აშშ პრეზიდენტის, რუზველტის მიღება.

Capital City Club-ში საღამო პროფესორ კენეტ ვოლკერის შესახებ ამერიკული სტუდიის მიერ საქართველოში და ჯორჯიის შტატში გადაღებული დოკუმენტური ფილმით გაიხსნა, რის შემდეგაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქართული სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლი სტუმრების წინაშე დაუვიწყარი სანახაობით წარდგა. ანსამბლმა სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა. საღამოს დასასრულს ცნობილი ექიმები მასპინძლებს და ჟურნალისტებს მიღებულ შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ და ანსამბლთან შეხვედრას უკვე საქართველოში ოჯახებთან ერთად გეგმავდნენ.