საქართველოს გრიგოლ მუხაძის ქირურგთა ასოციაციის სხდომა

2019 წლის 19 აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა საქართველოს გრიგოლ მუხაძის ქირურგთა ასოციაციის სხდომა, რომელიც მიეძღვნა ღვაწლმოსილი ექიმის,  პროფესორ ბესიკ იაშვილის 90 წლისთავს და საქართველოში კომბუსტიოლოგიის განვითარებას. აღსანიშნავია, რომ პროფესორ იაშვილის  სახელთანაა დაკავშირებული საქართველოში კომბუსტიოლოგიისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის დარგის დაარსება.

სხვადასხვა წლებში პროფესორი იაშვილი მოღვაწეობდა რუსთავის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ორდინატორად, სისხლის გადასხმის განყოფილების გამგედ, იყო დამწვრობის ცენტრის დირექტორი და რუსთავის სისხლის გადასხმის სამსახურის დაარსების მთავარი ინიციატორი.  

ბესიკ იაშვილი გახლდათ მედიკო-ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი,  სამხედრო სამედიცინო აკადემიის, სამედიცინო სოციალური მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, ვიშნევსკის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტის საკავშირო საპრობლემო კომისიის, (რომელიც ეხებოდა სამხედრო ტრავმის პრობლემებს)  №3 წევრი. პროფესორი იაშვილი არის საბჭოთა კავშირის მიღწევათა გამოფენის ოთხგზის მონაწილე, რომელთაგან ერთი აღინიშნა ვერცხლის, ხოლო უკანასკნელი სამი კი ბრინჯაოს მედლით.

ბესიკ იაშვილი 115 სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 8 საკანდიდატო დისერტაცია. 

2015 წელს ბესიკ იაშვილს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

ღონისძიება გახსნა, საქართველოს გრიგოლ მუხაძის ქირურგთა ასოციაციის თავმჯდომარემ პროფესორმა გია თომაძემ, რომელმაც იუბილე მიულოცა ღვაწლმოსილ ექიმს და ასოციაციის სახელით,  გრიგოლ მუხაძის საპატიო მედლით დააჯილდოვა ამაგდარი ექიმი. ხოლო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერმა, პროფესორმა ზურაბ ორჯონიკიძემ, მედიცინის სფეროში შეტანილი წვლილისთვის, პროფესორ იაშვილს სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები:
,,პროფესორი ბესიაკ იაშვილი და კომბუსტიოლოგიის განვითარება საქართველოში" - მომხსენებელი გუგა ქაშიბაძე;
,,კრიტიკული დამწვრობის მკურნალობის თანამედროვე ასპექტები" - მომხსენებელი გია კვინიკაძე;
,,საინტერესო შემთხვევის დემონსტრაცია" - მომხსენებელი ლიკა გეგუჩაძე;

ღონისძიება დასრულდა  დოკუმენტური ფილმის ჩვენებით, რომელიც  პროფესორ ბესიკ იაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას მიეძღვნა.