თსსუ-ის ასოცირებული პროფესორი, ავსტრიაში, ფიტოკოსმეტიკის პირველ სამიტზე იმყოფებოდა

 2019 წლის 30 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ფარმაკოგნოზიისა და ბოტანიკის მიმართულების ფარმაკოგნოზიის  დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ლაშა მსხილაძე საქმიანი ვიზიტით ავსტრიაში იმყოფებოდა. ის პროფესორ გ. ბონის ოფიციალური მიწვევით და სრული მხარდაჭერით დაესწრო ფიტოკოსმეტიკის პირველ სამიტს (First Austrian Summit on Phytocosmetics) , რომელიც გაიმართა ქ. ლიენზში აღმოსავლეთ ტიროლში. 

კონფერენცია ორგანიზებული იყო ავსტრიის ბუნებრივი ნაერთების სკრინინგის   ინსტიტუტის (ADSI) და ინსბრუკის უნივერსიტეტის ანალიზური ქიმიისა და რადიოქიმიის ინსტიტუტის  მიერ.  სამიტი ეხებოდა ფიტოკოსმეტიკის თემებს, რომელიც ითვალისწინებდა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ახალგაზრდა მეცნიერთა მიერ, ფიტოკოსმეტიკური მიმართულებით მიმდინარე კვლევების გაცნობას, მცენარეული ექსტრაქტებიდან ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების სკრინინგისა და იდენტიფიკაციის შედეგების წარმოდგენას, მიღებული შედეგების და შექმნილი პროდუქტების კოსმეტიკურ მრეწველობაში გამოყენების გზების განხილვას.

"კონფერენციის ფარგლებში გავმართეთ შეხვედრები სამეცნიერო ჯგუფებთან, სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან და გავაცანით ჩვენი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის სფეროები, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია კოლეგებში. დაიგეგმა სტუდენტთა გაცვლის შესაძლებლობები სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფარგლებში, აგრეთვე ერთობლივი გრანტების მომზადების და მოპოვების გზები. ყოველივე ეს, ვფიქრობთ, პროფ. გ. ბონის და როფ. ჰერმან სტუპნერის თანადგომით გახდება საწინდარი ჩვენი თანამშროლმლობისა ინსბრუკის უნივერსიტეტსა და ავსტრიის ბუნებრივი ნაერთების სკრინინგის   ინსტიტუტს (ADSI) შორის. მადლიერებით მინდა ავღნიშნო პროფ.  გიუნტერ ბონის, ჩვენი ქართველი კოლეგის ირმა კვიცარიძის და ყველა ავსტრიელი კოლეგის მასპინძლობა და გულთბილი მიღება." - აღნიშნა ასოცირებულმა პროფესორმა ლაშა მსხილაძემ.