ისტორია


თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტი სასწავლო დაწესებულებაა. ცხოვრების მოთხოვნილებებიდან და საკითხთა აქტუალობიდან გამომდინარე, დაწესებულების საქმიანობა  პერიოდულად ცვლილებებს განიცდიდა, თუმცა,  ძირითადი პროფილური მიმართულება ექიმთა თეორიულ, კლინიკურ, პრაქტიკულ განათლებაზე ზრუნვა უცვლელი რჩებოდა. ინსტიტუტის წინამორბედი “ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტი” დაარსდა 1935 წელს. ინსტიტუტის დაფუძნების ინიციატორები იყვნენ აკადემიკოსები ა. წულუკიძე და ნ. ყიფშიძე, პროფესორი შ. მიქელაძე. 1941 წელს ინსტიტუტს “თბილისის ექიმთა  დახელოვნების ინსტიტუტი” ეწოდა, 1965 წლიდან კი იგი სტატუსით გაუთანაბრდა უმაღლეს სასწავლო სამედიცინო დაწესებულებას სახელწოდებით “სსრკ ჯანდაცვის სამინისტროს ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტად”. დრომ მთლიანად დაადასტურა აღნიშნული ტიპის სასწავლო დაწესებულების შექმნის აუცილებლობა. გარდა იმისა, რომ ინსტიტუტში მიმდინარეობდა ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლების ციკლები, აქ გადაიჭრა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ექიმთა მეცნიერულ-თეორიული და პრაქტიკული საქმიანობის ეფექტური შერწყმა.

1990 წლიდან თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტს, ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლების გარდა, დაევალა სტუდენტ-მედიკოსთა სწავლებაც. 1991 წლიდან ინსტიტუტი საქართველოს რესპუბლიკის საკუთრებად გამოცხადდა, 1993 წლიდან  მიენიჭა სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის სტატუსი და ეწოდა “თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემია”. სტუდენტთა ფაკულტეტის გაუქმებასთან დაკავშირებით აკადემიას კვლავ შეეცვალა სახელი და დაერქვა “ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემია”, ექიმთა დიპლომისშემდგომი მომზადების და დახელოვნების სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის სტატუსით.

2001 წლიდან აკადემიას დაეკისრა სამედიცინო პერსონალის უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადების (რეზიდენტურის), უწყვეტი სამედიცინო განათლების, ექიმთა და საშუალო სამედიცინო პერსონალის გადამზადების, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში კადრების მართვაში საბაზისო დაწესებულების ფუნქცია და ეწოდა“ საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემია”.

2006 წლიდან განხორციელდა აკადემიის ინტეგრაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან “დიპლომისშემდგომი განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის” სახით. ინსტიტუტს მიენიჭა უფლებამოსილება უზრუნველყოს დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განვითარება, სამედიცინო და პედაგოგიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება, უმაღლესი განათლების მქონე სამედიცინო პერსონალის დიპლომისშემდგომი განათლების წარმართვა. ინსტიტუტი ფლობს სერიოზულ პოტენციალს, მის კოლექტივს ხელეწიფება განახორციელოს დასახული მიზნები და ამოცანები.